პროექტის თავდაპირველი ორგანიზატორები იყვნენ ჯიმი უელსი (Jimmy Wales), ფირმა Bomis-ის აღმასრულებელი დირექტორი და ლარი სენგერი (Larry Sanger). პირველი 13 თვის განმავლობაში კომპანია Bomis აფინანსებდა ლ.სენგერს ვიკიპედიის პირველი სტატიების შესაქმნელად.
ვიკიპედიას არ ჰყავს რედაქტორთა ცენტრალიზებული შემადგენლობა, მთელი მასალა ივსება მონაწილეების, ვიკიპედიელების მიერ. ყველა მათგანს უფლება აქვს დაწეროს სტატია ნებისმიერ თემაზე და შეასწოროს სხვის მიერ უკვე დაწერილი სტატია. უფრო აქტიური ვიკიპედიელები შეიძლება გახდნენ ადმინისტრატორები, მაგრამ ეს თანამდებობა მას უფრო მეტ ვალდებულებებს აკისრებს, ვიდრე რაიმე უფლებებს ანიჭებს.
თავისებურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიპედიის სტატიების რაოდენობა ექსპონენტურად იზრდება მის რამდენიმე მთავარენოვან გამოცემაში.
ვიკიპედია სრულად პასუხობს ე.წ. „ვიკის“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი სტატიის თავისუფალი რედაქტირება და მისი შინაარსის გავრცელება. ამ შესაძლებლობიდან გამომდინარეობს ვიკიპედიის ერთი მნიშვნელოვანი თვისება: საავტორო უფლებების არქონა. „GNU-ს საზოგადოებრივი ლიცენზიის“ თანახმად, არავის შეუძლია მოითხოვოს რაიმე უფლება ვიკიპედიის მასალებზე.
ვიკიპედიის პროექტის კრიტიკის ერთი უმთავრესი პუნქტი არის ის, რომ სტატიის რედაქტირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის არაპროფესიონალს!) და არავინაა პასუხისმგებელი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე. ამის საპირისპირო არგუმენტია აზრი იმის შესახებ, რომ ვიკიპედიის მოხმარების და მასში ცვლილებების შეტანის სიადვილე ხელს უწყობს მასალების სიზუსტისა და აქტუალობის ამაღლებას.
წარმოქმნილი გაურკვევლობები და სადავო მომენტები განხილულ უნდა იქნეს ძირითადი ტექსტის გარეთ, სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ გვერდებზე, რომლებსაც ჰქვია განხილვა.
წესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიპედიაში ცოტაა ისეთი წესები, რომელთა მკაცრად დაცვა სავალდებულო იყოს, მაგრამ არის რამდენიმე ძირითადი პრინციპი:
დაუშვებელია იმ ტექსტების და გრაფიკული მასალების პუბლიკაცია, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებებით.
სტატიის წერისა და რედაქტირების დროს აუცილებელია მიუკერძოებულობა, ნეიტრალური თვალსაზრისის შენარჩუნება. ამ პრინციპის თანახმად, სტატიის საგანზე არსებული ყველა სადავო შეხედულება ამავე სტატიაში უნდა აისახოს.